თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოლომონ დოდაშვილის შემდეგ, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, მას მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში. დ.ყიფიანის ინიციატივით 1840 დაარსდა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა, ჟურნალი "ცისკარი", დაფუძნდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკი.
პარალელურად დიმიტრი ყიფიანი ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას, მის თარგმანს ეკუთვნის შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", მოლიერის, ბომარშეს და სხვათა ნაწარმოებები.
დიმიტრი ყიფიანი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გახლდათ ილიასთან, აკაკისთან, იაკობთან ერთად.
მარშლობის დატოვების შემდეგ დიმიტრი ყიფიანი დაბინავდა თავის საყვარელ სოფელ ქვიშხეთში. შეუდგა შექსპირის თარგმნას და დაიწყო ქართული გრამატიკის შედგენა. პარალელურად უვლიდა ადგილ-მამულს, ვენახებს.
1864 წელს დიმიტრი ყიფიანი შეუდგა სოფ. ქვიშხეთში აღდგომის სახელობის ეკლესიის აშენების სამზადისს.
1869 წელს მან სისრულეში მოიყვანა თავისი კეთილშობილური ანზრახვა და ააგო დღევანდელი წმინდა დიმიტრი ყიფიანის კარის ეკლესია.
დიმიტრი, ქვიშხეთში ყოფნისას, ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში საზეიმო ფორმით, რათა თანასოფლელებისთვის ეჩვენებინა მაგალითი იმისა, რომ ტაძარში სიარული სულის ზეიმია მორწმუნეთათვის.
ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით განახორციელეს XIX საუკუნის ქართველებმა, დიმიტრის საყვარელ სოფელ ქვიშხეთში, მის სახლში ჩაისახა. აქედან აძლევდა წმ. დიმიტრი ბიძგს ყოველგვარ ეროვნულ სულისკვეთებას.
1886 წელს მოკლეს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. საქართველოს რუსმა ეგზარხოსმა პავლემ ჩუდეცკის დაკრძლვის დღეს დაწყევლა ქართველი ერი.
მხოლოდ დიმიტრი ყიფიანმა აიმაღლა ხმა ჩვენი ერისათვის ეგზარხოსის მიერ შეურაცხმყოფელი ქმედების წინააღმდეგ.
ეს იყო საბაბი იმისა, რომ დიმიტრი ყიფიანი, როგორც მეფის რუსეთისათვის არასაიმედო პიროვნება, გადაესახლებინათ სტავროპოლში, სადაც იგი 1887 წელს ვერაგულად მოკლეს. ამავე წელს ჩამოასვენეს საქართველოში. დაკრძალეს მათაწმინდაზე.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი.